­

 

უსაფრთხოება

მოხალისეებმა ბენეფიციარების დახმარების დროს მკაცრად უნდა დაიცვან ინსტრუქცია, რომელიც შეგხვდებათ აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს. ის შემუშავებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. ინსტრუქციის შემდეგ აპლიკაციაში შეგხვდებათ ტესტირება. იმისთვის რომ შეძლოთ მოხალისედ რეგისტრაციის დასრულება, საჭიროა ტესტირების უშეცდომოდ გავლა. ტესტირების მიზანია დავრწმუნდეთ, რომ მოხალისეებმა კარგად იციან უსაფრთხოების წესები, რაც საშუალებას მიცემს მათ ბენეფიციარების დახმარების დროს არ დაუშვან ბენეფიციარის ან საკუთარი თავის ინფიცირება.

 


 

უსაფრთხოების წესები

არ დაგერისტრირდეთ მოხალისედ თუ:

  • აღგენიშნებათ სიცხე (სხეულის ტემპერატურა 37,0 ან მეტი), ხველა ან გაციების სხვა ნიშნები.
  • ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში;
  • გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები (სურდო, სისუსტე და სხვა);
  • 14 დღის მანძილზე შეხება გქონდათ COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან;
  • განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს (ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები).

 

COVID-19 ახალი დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები და ჯანდაცვის ექსპერტები ჯერ კიდევ აკვირდებიან მისი გავრცელების სიხშირეს, მასშტაბს და აფასებენ განვითარებული დაავადების სიმძიმეს. COVID-19 უმეტესწილად ცხელების, მშრალი ხველის, სუნთქვის გაძნელების და დაღლილობის სიმპტომებით ხასიათდება.

ახალი კორონავირუსი შემდეგნაირად ვრცელდება:

  • წვეთოვანი გზით: მაგალითად, როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს;
  • ინფიცირებულ ადამიანთან ფიზიკური შეხებით (თუნდაც ხელის ჩამორთმევით);
  • სხვადასხვა საგნებთან შეხებით, რომლის ზედაპირზეც შესაძლოა ვირუსი მოხვდეს (სხვადასხვა ზედაპირზე ვირუსი, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეც კი ცოცხლობს).

ამრიგად, აუცილებელია თითოეული მოხალისის ინფორმირებულობა და სათანდო ეკიპირება, რაც მას როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეაძლებინებს.

 

დავალების შესრულებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ:

დაუშვებელია ბენეფიციართან მიახლოება. პროდუქტების გადაცემა ნებადართულია მხოლოდ არაპირდაპირი კონტაქტის გზით. იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი აუცილებელია, საჭიროა სულ ცოტა 2 მეტრის დისტანციის შენარჩუნება. ბენეფიციართან პროდუქტის დატოვებამდე საჭიროა პაკეტის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება, რაც ბენეფიციარს მაქსიმალურად დაიცავს ვირუსისგან. გაითვალისწინეთ, რომ სადეზინფექციო საშუალებით არ უნდა დაზიანდეს თვით პროდუქტი, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება.

ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი ბუნებრივი მოვლენაა. გაითვალისწინეთ იზოლაციაში მყოფი ადამიანების მდგომარეობა და ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

სასურველია ადამიანებთან კონტაქტის შეძლებისდაგვარად შეზღუდვა, როგორც გადაადგილების პროცესში, ისე ბენეფიციარისთვის პროდუქტის მიწოდებისას.

გამოიყენეთ სათვალე და პირბადე, რომელიც წვეთოვანი გზით ვირუსით დაინფიცირებისაგან დაგიცავთ.

გახსოვდეთ, რომ პირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცირება საუკეთესო  საშუალებაა ვირუსისგან თავის დასაცავად.

სასურველია ტანსაცვმლის ხშირად რეცხვა, რადგან შესაძლოა, ვირუსი ქსოვილზეც დარჩეს.

პირბადის, ხელთათმანისა და სათვალის გამოყენების ინსტრუქცია

პიბადე, სათვალე და ხელთათმანი ცხვირისა და პირის ღრუს, თვალის ლორწოვანი გარსის და ზოგადად სასუნთქი სისტემის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

პირბადე განკუთვნილია პირისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის დასაცავად. თუ პირბადე ორფეროვანია, მისი თეთრი მხარე უნდა მოექცეს შიგნით, რადგან ის დამუშავებულია ისე, რომ ჩვენ მიერ გამოშვებული წვეთოვანი ნაწილაკები შეიწოვოს და გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ასეთი პირბადის გარე საფარი (ხშირ შემთხვევაში ლურჯი ან ვარდისფერი) დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც გარედან შემოსულ ნაწილაკებს ისხლიტავს. პირბადე აღჭურვილია ლითონის ან პლასტმასის ფირფიტით, რომელიც აუცილებლად ზევით უნდა იყოს მიმართული და მისი საშუალებით შესაძლებელია ცხვირზე  პირბადის სწორად და ჰერმეტულად დაფიქსირება.

მაშინ, როცა გარშემომყოფთ პირბადე არ უკეთიათ, დაცემინების ან დახველებისას ორგანიზმის ინფიცირების რისკი იზრდება. ასეთ შემთხვევეაში აუცილებელია სათვალე, რომელიც თვალის ლორწოვან გარსს ვირუსისგან დაიცავს.

ხელთათმანი ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარია, რადგან ყველა პროცედურას ვასრულებთ ხელით. გთხოვთ, ხშირად გამოიცვალოთ ხელთათმანი ან დაამუშაოთ სადეზინფექციო საშუალებით (65-80% ალკოჰოლის შემცველობით).

ეკიპირების გახდა აუცილებელია შემდეგი თანმიმდევრობით:

პირველ რიგში, პროცედურის დასრულებისას ვიმუშავებთ ხელებს სადეზინფექციო ხსნარით. შემდეგ ვიხსნით სათვალეს და მასაც ისევ სადეზინფექციო საშუალებით (სითხით) ვამუშავებთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიცვლით ხელთათმანს. მთავარი პრინციპი ის არის, რომ ყველა ზედაპირი დაბინძურებულად ითვლება და ამიტომ აუცილებელია, არაფერს შევეხოთ სუფთა ხელით. ხელთათმანს ვიხდით შემდეგნაირად: ხელის გულზე ვკიდებთ ხელთათმანს თითებით და ვიხდით მას, ისე, რომ გარე ნაწილი შიგნით მოექცეს. შიდა სუფთა მხარე ხვდება გარეთ და ხელთათმანს სუფთა მხრიდან მუჭში ვაქცევთ.  სუფთა ხელით ვიხდით მეორე ხელთათმანს შემდეგი პრინციპით: სუფთა ხელის თითს ვაცურებთ მეორე ხელთათმანის ქვეშ და გახდისას ვატრიარლებთ. მოხსნილ ხელთათმანს ვათავსებთ ნაგვის ურნაში.

ამ ეტაპზე რჩება მხოლოდ პირბადე, რომლის მოხსნაც აუცილებელია სუფთა ხელით. პირბადეს ვიხსნით ყურებზე დასამაგრებელი რეზინების საშუალებით, რათა არ შევეხოთ მის ზედაპირს და მოხსნილი პირბადე პირდაპირ ნაგვის ურნაში მოვათავსოთ.

ბოლოს ვამუშავებთ ხელებს სადეზინფექციო საშუალებებით ან, თუ ამის საშუალებაა, ვიბანთ ხელებს საპნით 20 წამის განმავლობაში.

როცა დარწმუნდებით, რომ სათანადოდ ხართ ინფორმირებული ეკიპირებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაიწყოთ დავალებების შესრულება. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მოქმედებისას აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება. მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და მიიღეთ უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა.

გირჩევთ, მუდმივად გაეცნოთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებს და რეკომენდაციებს. იხილეთ ბმული:

https://stopcov.gov.ge/ka

App Store-ის ვერსია გამოქვეყნდება
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში